2022 წლის 2 დეკემბერს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტს ეწვია დელეგაცია მოლდოვის რესპუბლიკიდან, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა გამოცდილების გაზიარების მიზნით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში.
მოლდოვას დელეგაცია წარმოდგენლი იყო ქ.ჩადერ-ლუნგას მერის ანატოლი ტოპალის, მერის მოადგილის ვალენტინ კარას, ადგილობრივი კოორდინატორის ოლეგ ფაზლის, მერების ეკონომიკური ზრდისთვის UNDP-ს პროექტის მოლდოვაში კოორდინატორის ვალენტინ კროიტორუს სახით. მოლდაველ სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა UNDP თბილისის ოფისის M4EG პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი.
სტუმრები გაეცვნენ დეპარტამენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტუდენტურმა პროექტებმა, რომლებიც მიმართულია ინოვაციური, კრეატიული იდეების რეალიზაციაზე. კერძოდ, წარმოდგენილი იყო „მზის ქალაქის“ მოდელი, რომელიც შექმნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის სტუდენტების მიერ საგრანტო პროექტის ფარგლებში „მე უნივერსიტეტი“. „მზის ქალაქის“ მოდელის თანაავტორებმა თორნიკე ფარჯიანმა და დავით ფუტკარაძემ სტუმრებს ფართოდ ესაუბრნენ არა მარტო საკუთარი იდეის, არამედ სტუდენტთა შემოქმედებითი საქმიანობისა და უნივერსიტეტში არსებული ხელშეწყობის შესაძლებლობების შესახებ.
სტუმრებმა დაათვალიერეს დეპარტამენტის ლაბორატორიული ბაზა, სემეკისა და ენერგო-პრო ჯორჯიას აუდიტორიები. საუბარი შეეხო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებს, კერძოდ ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას.
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ფაკულტეტის დეკანი ომარ კიკვიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები.
იმავე დღეს სტუმრები მიიღო აწსუ-ს რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, რომელმაც სტუმრებს უამბო უნივერსიტეტის მიღწევების შესახებ.