აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში დაარსების დღიდანვე თვალსაჩინო იყო მათემატიკის მიმართულების როლი. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ძირითადი აქტივობა მიმართული იყო პედაგოგიური და საინჟინრო კადრების მომზადებაზე. შემდეგ საუნივერსიტეტო სტატუსის მიღებამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა საქმიანობის არეალი, რაც უმთავრესად გამოიხტა სამეცნიერო სეგმენტის გაძლიერებაში. სხვადასხვა ეტაპზე მათემატიკის მიმართულების წარმატებულ მუშაობას განაპირობებდნენ ღვაწლმოსილი პროფესორები: გრიგოლ ხაჟალია, გიორგი გაბუნია, თენგიზ კოსტავა, ბიძინა ნემსაძე, ნიკოლოზ ნუცუბიძე, გიგლა ონიანი, სოსო კალანდარიშვილი, გრიგოლ სოხაძე. აღსანიშნავია აკადემიურ პროცესში თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეულ სახელოვან მეცნიერთა ჩართულობაც. მათ შორის უნდა გამოვყოთ ვლადიმერ ჭელიძე, მიხეილ ლავრენტიევი, გიორგი ჭოღოშვილი, აკაკი ჯვარშეიშვილი.
სადღეისოდ მათემატიკის მიმართულება თავმოყრილია ერთ დეპარტამენტში, რომლის შემადგენლობაში შედის 4 პროფესორი, 19 ასოცირებული პროფესორი და 10-მდე მოწვეული სპეციალისტი. დეპარტამენტი ახორციელებს მათემატიკური პროფილის საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (1 საბაკალავრო, 1 სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა). აკადემიური პერსონალი ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. უახლეს განვლილ პერიოდში მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნდა 30-ზე მეტი პუბლიკაცია, შეიქმნა სამი სამეცნიერო მონოგრაფია და რამდენიმე ორიგინალური სახელმძღვანელო. მონაწილეობა იქნა მიღებული ათზე მეტ საგრანტო კვლევით პროექტში. აქტიურია ჩართულობა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. არსებული სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მომზადდა ორი დისერტაცია. რიგი კვლევებისა ჩატარდა უცხოურ სასწავლებლებთან თანამშრომლობის პირობებში (დებრეცენის, პალერმოს, ბრნოს უნივერსიტეტები). დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამეცნიერო სემინარი, რომლის მუშაობაში სხვადასხვა დროს მონაწილობა აქვთ მიღებული ცნობილ მკვლევარებს საქართველოს თუ უცხოეთის უნივერსიტეტებიდან. მაღალია დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებებელი.