2022 წლის 13 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აგრარული ფაკულტეტის ორგანიზებით, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად გაიმართა ცნობილი აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო,რომელზეც მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები,როგორც თბილისიდან, ისე იმერეთის რეგიონიდან.
საზოგადო და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის, ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის პრორექტორისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკონომიკის დოქტორის ლორიკ მარშანიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო გახსნა აწსუ უნივერსიტეტის რექტორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა,აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა,პროფესორმა როლანდ კოპალიანმა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აკადემიკოს ლორიკ მარშანიაზე ისაუბრა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზაურ (ზურაბ) ლომთათიძემ.
ლორიკ მარშანიას ბიოგრაფიული მონაცემები საზოგადოებას გააცნო ბეჟან ხორავამ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
ლორიკ მარშანია გაიხსენეს და მის საქმიანობაზე ისაუბრეს: .ალუ გამახარიამ- "სოხუმხელსაწყოს" გენერალური დირექტორი;ორგანიზაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; თამაზ ცანავამ- აწსუ აგრარული ფაკულტეტის ემერეტუს-პროფესორი,აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; რამაზ კილაძემ- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; დალი სილაგაძემ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.აწსუ უნივერსიტეტისა და ადგილობრივების სახელით,უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა სერგო სვანაძემ ისაუბრა მსგავს ღონისძიებებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიდგომებისა და ლორიკ მარშანიასადმი პირადი დამოკიდებულების შესახებ.
ბატონ ლორიკ მარშანიას ქალიშვილმა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა ადა მარშანიამ მადლობა გადაუხადა საიუბილეო საღამოს ორგანიზატორებს,უნივერსიტეტის რექტორს, სიტყვით გამომსვლელებსა და დამსწრე საზოგადოებას.
დასასრულს, მოხდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის.