მიმდინარე წლის 13 დეკემებრეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა შონიას და მოწვეული ლექტორი ჭაბუკი ჭეიშვილის ინიციატივით განხორციელდა შემეცნებიტი ვიზიტი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში.
ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მოღვაწე ელჩების მიერ სტუდენტთათვის საკუთარი გამოცდილებების გაზიარება და სამომავლო ინიციატივების დაგეგმვა.
სტუდენტებს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი ელჩი ნორვეგიაში მამუკა ციხელიძე და ასევე საქართველოს ელჩი ბულგარეთში, ჩინეთსა და უკრაინაში მიხეილ უკლება. მათ მომავალ დიპლომატებს საჯარო ლექცია ჩაუტარეს შემდეგ თემებზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ და „საქართველო-რუსეთის ურთიერთობები“. ასევე, ელჩებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პირადი გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა და აქტიური დისკუსიით დასრულდა.
დამშვიდობებისას, ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტები ესაუბრნენ ბატონ მიხეილ უკლებას უნივერსიტეტისა და სამინისტროს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე, საიდანაც გამოიკვეთა სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი ელჩების მიერ საჯარო ლექციების მეტი სიხშირით ჩატარება და დიპლომატიის სკოლის წარმომადგენლობის გახსნა უნივერსიტეტში.