აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში", რომელშიც, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა, რომლის ფარგლებშიც სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ მოისმინეს სალექციო კურსები, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.
დასახელებულ პროექტში აწსუ წარმოდგენილი იყო 2 გუნდით:
1 გუნდი: ნათია ეგუტიძე, მარიამ შენგელია, ნინო მატარაძე (მენტორი თამარ ჭარბაძე)
2 გუნდი: კესო ბანძალაძე, დავით რუხაძე, მარიამ სვანაძე (მენტორი დარინე სალდაძე)
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაესწრნენ.
2022 წლის 21-22 მაისს ნახევარფინალში გასული 6 გუნდიდან 2 გუნდი იყო აწსუ-დან, რაც ამავე უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევა. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ აწსუ-ს გუნდი ნათია ეგუტიძის, მარიამ შენგელიას და ნინო მატარაძის შემადგენლობით და მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო პირველი ადგილი წილად ხვდა თსუ-ს გუნდს.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს საუკეთესო შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.