ტურიზმის მიმართულების საზაფხულო სკოლა აწსუ-ში ნორვეგიული პროექტის ფარგლებში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტრატეგიული ურთიერთობების სამსახურისა და  აგრარული ფაკულტეტის ორგანიზებით, ნორვეგიული პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა საზაფხულო სკოლა ,,სოფლად ტურიზმის მდგრადი განვითარება“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ნორვეგიის, ყაზახეთის და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები.

ზაფხულის სკოლის მონაწილეებთან შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა   ანი გრი სტუროდმა. მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ და აგრარული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციას, ერთობლივი სტუდენტური პროექტების განხორციელებასა და უცხოური გამოცდილების გაზიარებას ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის.  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN), ყირგიზეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ბათუმის საზღავაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
24-25 ივნისს, საზაფხულო სკოლაში წარმოდგენილი იყო აწსუ-ს ტურიზმის მიმართულების ასოც.პრეფესორების იზოლდა ხასაიას, ელისო გველესიანის,  USN პროფესორების მოხსენებები და სტუდენტების ჯგუფური პრეზენტაციები სოფლად ტურიზმის მდგრად განვითარების აქტუალურ საკითხებზე.   
საზაფხულო სკოლის მონაწილეები  გაეცნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ ბიზნესს სოფელ თერნალში.