ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და წარმატებული დეპარტამენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჟამინდელი სახით 2011 წლიდან არსებობს და აერთიანებს ინგლისური ენისა და ინგლისური ლიტერატურის მიმართულებებს. იგი არის უცხოური ენების კათედრის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული), მემკვიდრე რომელსაც 1995 წელს გამოეყო ინგლისური ენის კათედრა პროფესორ მადონა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით. თავისი არსებობის მანძილზე კათედრა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი აკადემიზმით, პროფესიონალიზმითა და ინოვაციური პროექტების განხორციელებით. სწორედ მან დანერგა სწავლა-აღზრდის ევროპული მოდელი, რომელიც სტუდენტზეა ორიენტირებული და დღემდე განაპირობებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაღალ დონეზე დაუფლებას.
პროგრამების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, კერძოდ, 2 პროფესორი, 13 ასოცირებული და 7 ასისტენტ პროფესორი. სწორედ მათი დამსახურებაა სტუდენტთა მიღწევების ასეთი მაღალი დონე სწავლების სამივე საფეხურზე - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და დიდი წარმატებითაც გამოირჩევიან.
აღსანიშნავია დეპარტამენტის მუშაობა სტუდენტთა სხვადასხვა წრეებთან და საზოგადოებებთან, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს ენობრივი უნარების განვითარებაში. ესენია: სტუდენტთა სამეცნიერო წრე, მთარგმნელობითი წრე, ინგლისური ენის კლუბი, დებატ-კლუბი, კინო - კლუბი. დეპარტამენტის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება ინგლისურენოვანი კონფერეცია „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათაშორისი ნარკვევები“, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც სტუდენტები, ასევე ქალაქისა და რეგიონის სკოლის მოსწავლეები.
სწავლების თანამედროვე მეთოდების სრულყოფილად დანეგრვის და განვითარების მიზნით დეპარტამენტი იწვევს ბრიტანელ და ამერიკელ ექსპერტებს და ზრუნავს დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტი იამაყებდა ისეთი წარმატებული კურსდამთავრებულებით, როგორიც ჰყავს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს. ჩვენი კურსდამთავრებულები წამყვან თანამდებობეს იკავებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.