ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა დიდი ტრადიციების მქონე  სამი ფაკულტეტის – ევროპული ფილოლოგიისა  და  ხელოვნების,  ფილოლოგიის,  ისტორიის ფაკულტეტების – გაერთიანების საფუძველზე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უდიდესი, მდიდარი ტრადიციების მქონე უძველესი ფაკულტეტია. ფაკულტეტი თავისი მრავალრიცხოვანი მიმართულებებით საუკეთესოდ აჩვენებს, თუ როგორ წარმატებულად თანაარსებობენ უძველესი ქართული, აღმოსავლური და დასავლური კულტურები და სამყაროები. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზანია, შეუქმნას სტუდენტებს საუკეთესო პირობები ტრადიციაზე დაფუძნებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული განათლების მისაღებად, უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის პროცესის თანხვედრა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1700-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთა სწავლებას 127 პროფესორ-მასწავლებელი უზრუნველყოფს, მათ შორის 26 პროფესორი, 71 ასოცირებული პროფესორი, 26 ასისტენტ პროფესორი და 4 ემერიტუს პროფესორი.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს რამდენიმე კომპიუტერ-კლასი, კეთილმოწყობილი და ტექნიკით აღჭურვილი დარგობრივი კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი, ინტერნაციონალური კლუბი. სტუდენტების განკარგულებაშია ფაკულტეტის დეპარტამენტებთან არსებული მდიდარი დარგობრივი  წიგნადი ფონდი.
შესაბამის დეპარტამენტებთან ფუნქციონირებს ენობრივი, საენათმეცნიერო, ლიტერატურული და სამეცნიერო-შემოქმედებითი კლუბები და წრეები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტუდენტთა პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი ყოველწლიურად გამოსცემს სამეცნიერო კრებულს და სალიტერატურო ჟურნალს. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მთარგმნელობით საქმიანობაში.
ფაკულტეტის საქმიანობა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების შემდეგ დარგებში: ფილოლოგია (ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, კლასიკური, რუსული, აღმოსავლური) ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნებათმცოდნეობა, კულტუროლოგია, ამერიკისმცოდნეობა, ევროპისმცოდნეობა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმიანობა ემსახურება ერთიან მიზანს – ძლიერ ფესვებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით განავითაროს ახალი თაობა, რომელიც იქნება განათლებული, პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი.