2021 წლის 2 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა შეხვედრა, წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან (სკოლის დირექტორი, ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე).
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის შექმნის ისტორიას და სამოქმედო გეგმას. პრეზენტაცია წარადგინა ცენტრის ხელმძღვანელმა, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მამული ბუჭუხიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კატედრის გამგე, ქალბატონი თამილა თუთბერიძე. გაიმართა საინტერესო დისკუსია ბავშვის უფლებების კონვენციისა და კოდექსის საკითხებზე.
პროფესორმა იმერი ბასილაძემ მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია, მან ისაუბრა იმ გამოჩენილ ადამიანებზე, ვინც სწავლობდა და მოღვაწეობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.