2022 წლის 17 ივნისს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მოხდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმის შესაბამისად, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანს წარმოადგენს საქართველოში: ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა, განათლების საერთო ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა, განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს მომავალი პედაგოგების მომზადებას და სამეცნიერო კვლევებს განათლების მიმართულებით.
მხარეები თანხმდებიან, რომ: მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათი საერთო ამოცანების მისაღწევად.
მხარეები აცნობიერებენ, რომ: საქართველოს საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლების შემატება, რომელთაც სათანადო განათლება ექნებათ მიღებული. მასწავლებლის პროფესიას სჭირდება პრესტიჟის ამაღლება და პოპულარიზაცია. მომავალ პედაგოგ სტუდენტებს უკეთ სწავლის დამატებით მოტივაციას გაუჩენს სტიპენდიებით წახალისება, რაც ასევე უფრო კარგი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის შესაძლებლობას გაზრდის, რისთვისაც „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ უზრუნველყოფს:
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამ(ებ)ის წარჩინებული (მაღალი აკადემიური მოსწრების) სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას/წახალისებას;
კერძოდ: პედაგოგიური ფაკულტეტის 10 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს, უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა როლანდ კოპალიანმა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს. მემორანდუმი მოქმედებს 2023 წლის 17 ივნისამდე.