საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის ისტორია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტის საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი  ქ. ფოთში  ფუნქციონირებს.
ქ. ფოთი საქართველოს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.  ქალაქში  საზღვაო ნავსადგურის  გარდა მრავალი  სატრანსპორტო,  გადამზიდავი,  ექსპედიტორული,  საზღვაო-სააგენტო  ფირმა, საკონტეინერო ტერმინალი ფუნქციონირებს. შესაბამისად, დიდია მოთხოვნილება  მაღალკვალიფიციურ ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და მენეჯმენტის  პროფილის სპეციალისტებზე.
სწორედ ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე 1992 წელს ქ. ფოთში, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ ა. კოსტავასა და ფოთის საზღვაო-სავაჭრო   ნავსადგურის  უფროსის ვ. გეგიძის ინიციატივით  გაიხსნა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი  სწავლების ფოთის ფილიალი, რომელსაც  1994 წელს დაემატა  დასწრებული სწავლების განყოფილება და აღნიშნული ფილიალი გადაკეთდა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოთის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტად.
1997 წლის 30 იანვარს  ქ. ფოთის მერიის კაბინეტის დადგენილების (№ 1/02 1997 წლის 30 იანვარი)  საფუძველზე ინსტიტუტი  რეგისტრაციაში გატარდა როგორც    ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოთის  საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი.     
საქართველოს  მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის   ნ.მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების  გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.   ფოთის საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტს  კი   მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ფილიალის სტატუსი.
2007  წლის 20 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე ფოთის საინჟინრო-ეკონიმიკურ ინსტიტუტს  ეწოდა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი.  
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული განათლების მისაღებად  ამჟამად  ფაკულტეტზე 2009 წლიდან ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, 2011წლიდან- მცირე ბიზნესის მწარმოებლის  პროფესიული საგანმანაათლებლო პროგრამა.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს ემსახურება მაღალკვალიფიციური აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტები.
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსის პარალელურად, ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო და საწარმოო   პრაქტიკას გადიან ქ.ფოთში  არსებულ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ,  მოქმედ გადამზიდავ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ  ფირმებში და მცირე საწარმოებში.
ფაკულტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან საქართველოს რეგიონების საჯარო  დაწესებულებებში, ქ. ფოთის თვითმართველობაში, საზღვაო ნავსადგურში,   ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციებში, სატრანსპორტო გადამზიდავ ფირმებში, შემოსავლების სამსახურში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში   და ა.შ.