საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ორიენტირებულია „მენეჯმენტის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგის საერთაშორისო კონტექსტთან შესაბამისობაზე, პროგრამის ფარგლებში III და IV სასწავლო წლის სტუდენტთა აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მათი ჩართულობა.
სამყაროში პანდემიით განპირობებულმა გამოწვევამ ხელი ვერ შეუშალა წარჩინებულ სტუდენტს, გიორგი ბრეგვაძეს, აწსუ ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის ხელშეწყობის ფარგლებში ესარგებლა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ის გაცვლითი პროგრამით ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, 2020-2021 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრში (მობილობის ხანგრძლივობა - 4 თვე). სტუდენტი ასევე ღებულობდა ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს.
იენის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებს: ოპერაციული მენეჯმენტი, ორგანიზაციისა და მართვის საფუძვლები, კონკურენციის, ფინანსებისა და რეგულაციების საფუძვლები, სტატისტიკა.
გაცვლითმა პროგრამამ გიორგი ბრეგვაძეს შესძინა დარგობრივი დისციპლინების საერთაშორისო ცოდნა, საზღვარგარეთ ცხოვრების, უცხოელ თანატოლებთან კომუნიკაციის გამოცდილება და გამოუმუშავა დროის მენეჯმენტის უნარი, რამაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელი შეუწყო მის დასაქმებას გერმანულ კომპანიაში.