საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ერთობლივად ანხორციელებენ კვლევით სამუშაოებს შავი ზღვის სანაპირო ზოლში წლების მანძილზე არსებულ ჰიდროსაინჟინრო პრობლემებთან დაკავშირებით.
სასწავლო წლის დასაწყისში, ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორებთან მანონ კოდუასა და ნინო ნარიმანიძესთან თანამშრომლობით შეგროვდა და დამუშავდა მდინარე რიონის ჰიდროლოგიური და ჰიდრომეტრიული მონაცემები, შესწავლილი იქნა შავი ზღვის ფოთის სანაპირო ზოლში ნატანის მოძრაობებისა და სანაპირო ზოლის განვითარების ზოგადი ტენდენციები.
აკადემიური პერსონალი ჩატარებული კვლევის შედეგების პოპულარიზაციას ეწევა საერთაშორისო გამოცემებში ერთობლივი სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, ეროვნულ და საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობით.