მიმდინარე წლის 16 ივნისს, მათემატიკის დეპარტამენტის ინიციატივით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აწსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ომარ ძაგნიძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ბატონი ომარი 25 წლის განმავლობაში გახლდათ აწსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი. მის მეცნიერულ მიღწევებზე, შემოქმედებასა და ღვაწლზე მაღალკვალიფიციური მათემატიკოსების აღზრდა-განათლების საქმეში, დაწვრილებით ისაუბრეს და მადლიერების გრძნობა გამოხატეს რექტორის მოადგილემ შ. კირთაძემ, ფაკულტეტის დეკანმა ნ. ჯულაყიძემ, პროფესორებმა: ზ. სოხაძემ, გ. ონიანმა, ტ. ქემოკლიძემ, თ. ადეიშვილმა, ასოც. პროფ. ი.წივწივაძემ. ბატონ ომარს საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა ომარმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და დაფასებისათვის.