10 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო სვანაძე, პროგრამის მენეჯერი ნინო ყოჩიშვილი (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში), პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია, პროფესიული პროგრამების განმახორციელებლები, პროგრამის კურსდამთავრებულები და მსმენელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე შესრულებულ სამუშაოებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. მოგვიანებით კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორია დაათვალიერეს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის კურსდამთავრებულებს და მსმენელებს გასაუბრებოდნენ და მათი შთაბეჭდილებები მოესმინათ. ღონისძიების დასასრულს პროგრამის პირველი გამოშვების მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს სამი უნივერსიტეტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.
პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონში უწყვეტი განათლების მიმართულებით სწავლების შესაძლებლობების გაფართოებას, უზრუნველყოფს პროფესიული უნარების გაძლიერებას, ზრდის ახალგაზრდა კადრების დასაქმების შესაძლებლობებს შესაბამის სფეროებში: კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიები, ფარმაცევტული, აგრო კვების ინდუსტრია, ჯანდაცვის ინსტიტუტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები (უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა) საბუნებისმეტყველო მიმართულებებით (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა).
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი), სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები (იტალია).