აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა გაცვლითი პროექტი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.
აწსუ მედიცინის ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტული მიმართულებაა ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება, რისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოეთში ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა. პარიზში 8 – 12 ივლისს მიმდინარეობს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე იმპლემენტირებული ახალი საბაკალავრო პროგრამის „ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი თამარ ვალიშვილი. მან კონგრესზე
წარადგინა ფაკულტეტზე შესრულებული შრომა პოსტერული მოხსენების სახით „წყალტუბოს მინერალური წყლების უნიკალური თვისებები“ ავტორები: თ. ვალიშვილი, ი.ფხაკაძე, ა.გოჩელაშვილი.
მიმდინარე წელს ესპანეთში 2-3-4 ივლისს გაიმართა განათლების საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია „EDULEARN“ – 2018, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასოც. პროფ. ირმა გრძელიძე, ასოც. პროფ. ირინე ფხაკაძე, ასოც. პროფ. ნატო ალავიძე. მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა+პბლ“ ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კვლევის შედეგები- „Implementation of ECTS at Akaki Tsereteli State University- Challenges and Perspectives“. უკანასკნელი ასახავს ECTS საკრედიტო სისტემის დანერგვის პროცესის გამოწვევებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისის თვეში მედიცინის ფაკულტეტზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ უცხოელ სტუდენტთა ჯგუფი. მათ გაიარეს პრაქტიკული კურსი ქირურგიასა და თერაპიაში ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად უკვე მესამე წელია ანხორციელებს ერთობლივ პროექტს "მედეა", აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმართება სტუდენტთა სასწავლო კონფერენციები, მიმდინარე სასწავლო წელს 15 ივნისს კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა.
მონაწილეებს მიესალმნენ თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი მიქაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ირინე ფხაკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სოფიო ცქვიტინიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემორის პროგრამის ხელმძღვანელი ეკა ეკალაძე.
კონფერენცია მიმდინარეობდა 2 პარალელურ (ქართულ და ინგლისურ) სესიად, ჟიურიმ გამოავლინა ორი საუკეთესო მოხსენება. მომდევნო წელს აღნიშნულ პროექტს უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.