2022 წლის 24-26 აგვისტოს ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია გაიმართება ქ.ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.
ლაქუილას (იტალიის რესპუბლიკა) უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ ერთი წელი ისწავლონ ლაქუილას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად აფინანსებს იტალიის მხარე. გასულ სასწავლო წელს ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა წარმატებით ისარგებლა ამ შესაძლებლობით. 2021-2022 სასწავლო წელს ფაკულტეტმა ერთი სტუდენტი გააგზავნა სასწავლებლად.
2021 წლის 20-24 ნოემბერს ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოპი ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის. ვორქშოპის მონაწილეები გაეცვნენ ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და ლაბორატორიულ პოტენციალს, ბიბლიოთეკას, ეწვივნენ ჰიდროელექტროსადგურებს და სხვ.
2021 წლის 26 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტს დიდი პატივი ხვდა წილად, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში ბატონ პეტრ მიკისკას ვიზიტით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საელჩოს წარმომადგენლები: მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იანა გასპარიკოვა, განვითარების კოოპერაციის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, განვითარებისა და თანამშრომლობის კოორდინატორი ლელა ბერძული, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანიძე.
2020 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი, როგორც ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი, ჩართულია პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული პოტენციალის გაძლიერებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში.
2021 წლის 11-14 ოქტომბერს საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი "პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ჰიდროენერგეტიკაში". ვორქშოპი ჩატარდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პეტერ ნოვაკმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ენერგო პრო ჯორჯიას და სემეკის წარმომადგენლების მონაწილეობა და მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ბატონმა შალვა კირთაძემ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა თეა კორძაძემ, ენერგო პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა გიორგი ტრაპაიძემ, სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ. მოხსენებები წარმოადგინეს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე.