2022 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები (იხ. მიბმული ფაილი).
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ქართული ფილოლოგიისა და ისტორია-არქოლოგიის დეპარტამენტებისა და ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო შრომების კრებული „ართვინი და ართვინის რეგიონი - წარსული და თანამედროვეობა (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევები).“ წიგნში ისტორიულ დოკუმენტებსა და ახალ მასალებზე დაყრდნობით წარმოდგენილია სამეცნიერო ნარკვევები ართვინისა და ართვინის რეგიონის ისტორიის, ენის, კულტურული მემკვიდრეობის, ეთნოგრაფიისა და თანამედროვე ყოფის შესახებ. განხილული საკითხები დააინტერესებს როგორც ქართველ, ისე თურქ მკვლევრებს და ფართო საზოგადოებას. ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.
წიგნი დაიბეჭდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
2022 წლის 27 ნოემბერს ქ. ბათუმში ჩატარდა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „თეთრი თოლია“, სადაც კლასიკური მუსიკის ჟანრში მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის სტუდენტებმა. ამასთან, ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე მიწვეული იყო საერთაშორისო ჟიურის წევრის სტატუსით და ასრულებდა კონკურს-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ტრადიციულად გალაკტიონობა, 17 ნოემბერი, ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებს მიულოცა და სტუდბარათები გადასცა გალაკტიონის სახლ-მუზეუმში, საზეიმო ვითარებაში. აქვე სტუდენტებმა წარმოადგინეს გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია. სტუდენტებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, ამჟამად არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ზურაბ კალაძე სტაჟირებას გადის საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციაში (Association georgienne des professeurs de francais) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა (AUF) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის რეგიონალური ცენტრის (CREFECO) მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში. ზურაბ კალაძე ამავე დროს არის სკოლა „ახალი თაობის“ ფრანგული ენის მასწავლებელი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაში.